მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულთან, სიბნელესა და ათას უბედურებასთან, სამწუხაროდ ამ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა რეიტინგებით

„როდესაც ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ის დანაშაული დაუდასტურა, დაუმტკიცა სასამართლომ და ამის შემდეგ პოლიტიკაში დარჩენასა თუ წასვლას მსგავს საკითხებს უკავშირებთ, ეს არის დემოკრატიისთვის პირდაპირ ძირის გამოთხრა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულთან, სიბნელესთან, კრიმინალსა და ათას უბედურებასთან – ამ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა რეიტინგებით.

“არ შეიძლება ასე მსჯელობა – წავიდა პოლიტიკიდან და ახლა რა ხდება მართლმსაჯულებაში? მსგავსი წარმოდგენები იყო 2012 წლამდე და 2012-ის შემდეგ არცერთი საფუძველი, არცერთი წინადადებით არავის მიუცია საიმისოდ, არც ჟურნალისტის, არც პოლიტიკოსისათვის და არც საზოგადოების რომელიმე წევრისათვის, რომ მსჯავრდადების საქმე, სამართალწარმოების თემა დაეკავშირებინა პოლიტიკაში იქნება თუ არა ადამიანი.

რაც შეეხება რეალურად წავიდა თუ არა პოლიტიკიდან, ამას არა თუ ზოგადად ჩვენ და საზოგადოება როგორ ხედავს, არამედ „ნაცმოძრაობაშიც“ კი ვერ ჩამოყალიბებულან შიგნით, ეს ერთ-ერთი საბაბი გახდა, რომ რაღაც განხეთქილება გარეთ გამოეტანათ. ზოგი ამბობს, რომ არსად წასულა და ეს არის ტაქტიკა. „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, ფორმალური თავმჯდომარე აცხადებს, რომელიღაც რიგითი წევრი კი არა, რომ ეს არის ადვოკატების ტაქტიკა, ტაქტიკაზე ასე გარეთ როგორ ლაპარაკობენ არ ვიცი, მოკლედ, ერთმანეთში აჭრილები არიან, ისინი, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ და ერთმანეთში ვერ ლაგდებიან, სინამდვილეში რა მოხდა, წავიდა ის კაცი პოლიტიკიდან თუ არა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ სპეკულაცია ვერავინ შეძლოს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კონკრეტული მსჯავრდადებულის სასჯელის მოხდასთან.

სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულთან, სიბნელესთან, წარსულთან, კრიმინალსა და ათას უბედურებასთან, რომელი ჩამონათვალის გაგრძელებაც და გამეორებაც არ მინდა, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ის ამ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა რეიტინგებით. ვიცით, რომ გარკვეული რეიტინგები აქვს მიხეილ სააკაშვილსა და მის გარეშე, ალბათ, ძალიან გაუჭირდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ვაღიაროთ, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მას პერსონალურად ჰყავს. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველში დიდი წილი არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისა და, ამიტომ, ამით ყველაფერია ნათქვამი“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები