საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა – „კრისტოფორო კასტელი და კოლხეთი“ იხსნება

იტალია – საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, 2022 წლის 2 აგვისტოს, 17 საათზე ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა – „კრისტოფორო კასტელი და კოლხეთი“ იხსნება.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კრისტოფორო კასტელის მემკვიდრეობის ის ნაწილი,რომელიც კოლხეთს ეძღვნება.

“თეატინელთა ორდენის წევრი, მხატვარი და ექიმი პატრი კრისტოფორო კასტელი საქართველოში 25 წელი ცხოვრობდა. ამ დროის უდიდესი ნაწილი კოლხეთში გაატარა. “ავსახე .. ადგილები, დრო და მოწმობები, რომლებიც ვინაიდან არიან ძლიერ განსხვავებულნი ჩვენგან, იყო საგულისხმო შესაცნობად”. წერდა კასტელი.
კასტელი სინამდვილის გადმოცემის საინტერესო ფორმას იყენებს – ნამუშევრებში მხატვარი თავად ფიგურირებს,როგორც პერსონაჟი. ის გარემოს მოვლენათა ეპიცენტრიდან აკვირდება . კრისტოფორო კასტელი საქართველოში 25-წლიანი ცხოვრების შემდეგ დაწერს – „მთელი ეს წლები საქართველო ჩემი სატრფო იყო.“

ელინური მითების ინტერესის საგანი – კოლხეთი, კასტელისთვის ქუთაისში ცხოვრების წლებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება.ის კოლხი ქალების პორტრეტების ციკლს ქმნის კოლხეთის სხვადასხვა მხარეში. ამ ქალებს შორის კასტელი „ახალ ტროელ ელენას“ პოულობს. ეს იმერეთის მეფის ალექსანდრე მესამის ცოლი, დედოფალი დარეჯანია!

კასტელის მისიონერული მოგზაურება საქართველოში კიდევ ერთი დასტურია იმისა,რომ ევროპაში არც მე-17 საუკუნეში განელებულა ინტერესი ამ ქვეყნისადმი. კოლხეთისადმი ევროპელ მოზაურთა ინტერესი კი, სათავეს ჯერ კიდევ იმ შორეულ წარსულში იღებს,როდესაც საბერძნეთის საუკეთესო გმირებმა – არგონავტებმა -პირველი შორეული საზღვაო ექსპედიცია კოლხეთში განახორციელეს.

სიმბოლურია,რომ ვანში – ძველი კოლხეთის რელიგიურ ცენტრში, კიდევ ერთი ევროპელი მოგზაურის მიერ დანახული ეს მითიური ქვეყანა ახლებურად ცოცხლდება.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქტივობები. ისინი ევროპელ მოგზაურთა, მისიონერთა და ხელოვანთა მიერ დანახულ კოლხეთს მიეძღვნება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები