მამუკა მდინარაძე: მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს

“რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე?! თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება – მონური ფსიქოლოგია, ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს ეხებოდა.

მდინარაძის თქმითვე, კითხვების არდასმა არის ის ფსიქოლოგია, რომელიც არცერთ სუვერენულ ქვეყანას არ გამოადგება.

„თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ შემთხვევა, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა – „დასავლეთს უნდა ომი“. ჩვენი რჩევა იყო, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცემოდა, რადგან პასუხები არ იყო, ეს თემაც იმიტომ გაგრძელდა. თუ კითხვები დაისვა, ეს არის თავდასხმა და თუ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა ან დაბრალება მოხდა, ეს არაფერს არ ნიშნავს? რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია და კითხვაც არ დავსვათ – ეს არის ის ფსიქოლოგია, რომელიც არცერთ სუვერენულ ქვეყანას არ გამოადგება და ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა ასე არ უნდა იფიქროს. შეგვიძლია ვურჩიოთ კიდევაც, რომ ჯობია გაეცეს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები, ის, რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია და ეს არ გაბედოთ, ასეთი მონური ფსიქოლოგია ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები