გივი მიქანაძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა პარლამენტში გივი მიქანაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან, ირაკლი გივიაშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ მინისტრის მოადგილეს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სრული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროცესების მიმართ, რომელიც ახალგაზრდული მიმართულების განვითარებას ეხება. შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა, ევროპის საბჭოს მიმდინარე კამპანია – „დემოკრატია აქ, დემოკრატია ახლა” და კომიტეტის მიერ, წინა მოწვევის პარლამენტის დროს, დამტკიცებული ახალგაზრდობის კონცეფცია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს სახელით, მიმდინარე წლის ნოემბერში იგი კომიტეტს კონცეფციის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ის მიმართულებები, რომელიც უახლოეს პერიოდში, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს. მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი ღონისძიებების და კონკრეტული მიმართულებების ერთობლივ განვითარებაზე, აქტიურ კომუნიკაციასა და აქტივობათა კოორდინაციაზე შევთანხმდით. საუბარია რეგიონებში ერთობლივ გასვლით შეხვედრებზე, სადაც სახელმწიფო რწმუნებულებთან, მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრების გამართა და ახალგაზრდობასთან მიმართებაში ადგილობრივი სტრატეგიების შემუშავება იგეგმება. რაც შეეხება იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც უკვე მიმდინარეობს სტრატეგიების განხორციელება, ერთობლივად დავგეგმავთ თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარება და ახალგაზრდობის საქმიანობის ხელშეწყობა თითოეულ მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე მხარეები ქუთაისში, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებს და საჯარო სექტორში ახალგაზრდების სტაჟირების კანონპროექტს შეეხნენ, რომელიც გივი მიქანაძის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია და ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურში სტაჟის დაგროვებას ითვალისწინებს.
ირაკლი გივიაშვილი სამინისტროში ახალგაზრდობის მიმართულებებს კურირებს და ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელობს.