სტუ: ტკივილით ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, მირიან კუკავას ოჯახს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი ნიკა შავიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, მირიან კუკავას ოჯახს უსამძიმრებენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა გუშინდელი საღამო, დღევანდელი დილა, როდესაც ჩვენი სტუდენტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული და იმედისმომცემი ბაკალავრის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე მირო კუკავას ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ.

ჩვენმა ქვეყანამ, კიდევ ერთი ახალგაზრდა დაკარგა, გაუმართლებელ სისასტიკეს, ადამიანურობის დეფიციტს, სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც საშინელი, საბედისწერო შედეგით დასრულდა. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტის, მირიან კუკავას სახელი მოუშუშებელ იარად დიდხანს დარჩება“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ცნობისთვის, ტრაგედია ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – 18 წლის ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დილით დააკავეს, რაც შეეხება დანაშაულის სავარაუდო ჩამდენს, ის პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები