მასწავლებელთა ატესტაციის წესი იცვლება
მასწავლებელთა ატესტაციის არსებული წესი იცვლება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. სანიკიძის თქმით, აღნიშნულ კანონში იყო ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა, რომელიც გასწორდება. მისივე განმარტებით, მასწავლებელი ჩაერთვება კარიერული განვითარების სქემაში, სადაც დარეგულირებული იქნება როგორც პროფესიაში შესვლა, ისე კარიერული წინსვლა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაინც ის არის, რომ ჩვენ ვცვლით მასწავლებლების სერტიფიცირების თემას. ჩვენ ვიცით, რომ მასწავლებელი ფასდებოდა არაადეკვატურად გამოცდის მეშვეობით. მოვიძიეთ ინფორმაცია, გადავხედეთ მოდელებს, შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნისთვის და არსებული სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც გულისხმობს მასწავლებლების არა მხოლოდ შეფასებით, არამედ კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ეს უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში ხარისხის ამაღლებას. ცვლილებები გულისხმობს, რომ გამოცდა, რომელსაც მასწავლებელი აბარებდა და ხდებოდა, ან არ ხდებოდა სერტიფიცირებული, ეს სქემა შეიცვლება და მასწავლებელიც ჩაერთვება კარიერული განვითარების სქემაში, სადაც დარეგულირებული იქნება როგორც პროფესიაში შესვლა, ისე კარიერული წინსვლა – კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა, განვითარება და შესაბამისად, სახელფასო მოტივაცია”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, გამოცდები არსებული სახით აღარ იქნება, არამედ იქნება სქემა, რომელიც მოიცავს თავის თავის გარკვეულ საგნობრივ გამოცდას.
“დანარჩენი არის საკლასო შეფასება, პრაქტიკაში რასაც აკეთებს მასწავლებელი იმისა და არა ის, რაც აქამდე ხდებოდა. ეს იყო არაადეკვატური და ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა წლიდან წლამდე კანონში თარიღის გადატანა ხდებოდა, ვინაიდან 2014 წლის ბოლოს მასწავლებლების 80% უნდა გაგვეშვა სახლში. ეს იყო სრული კატასტროფა, გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯი. ჩვენ შევცვალეთ ეს და მასწავლებლებს შევთავაზეთ ადეკვატური თემა როგორც საკუთარ თავზე მუშაობისა, ისე განვითარებისა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. მინისტრს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს გააქვს.