ნიკოლოზ სამხარაძე: ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს

“ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტების მომზადების მიზნით ოპოზიციის ნაწილის მიერ ალტერნატიული პროცესის დაწყების საკითხს.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეცდომებზე ვერ სწავლობენ.

“ეს ყველაფერი არის უბადრუკი მცდელობა იმის, რომ დისკრედიტაცია მოხდეს იმ სამუშაო პროცესის, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. ყველა, ვინც არ უერთდება სამუშაო პროცესს, ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ვინც სამუშაო პროცესს უერთდება, ისინი თავის ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა იმდენად დიდი სისულელე იყო, რომ მგონი, თავად მიხვდნენ და სისულელეების ლაპარაკს შეეშვნენ. მათ ევროპარლამენტარებმა ძალიან ღიად და მკაფიოდ უთხრეს, რომ სამუშაო ჯგუფებში უნდა ჩაერთონ და შემდეგ მონაწილეობა მიიღონ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებში. ათასი მოწოდების მიუხედავად, პროცესებში არც 2020 წლის შემდეგ ერთვებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა შედეგი დადგა, ესეც გვახსოვს. ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან თუ არა”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები