კახა კალაძე: კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია
“კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე შოკირებულია.
კალაძის თქმით, ზრდილობის ფარგლებში მოსაზრებების გამოთქმის უფლება ყველას აქვს.
“არ ვიცი, ვერ გეტყვით რას გულისხმობს კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, მე როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა”, – განაცხადა კალაძემ.