Georgian Airlines Group-მა Boeing Global services-თან დამატებით 3 Boeing 737-800 BCF საჰაერო ხომალდის მოწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა
ავიაკომპანია Georgian Airlines Group-ი ავიაპარკს აფართოებს. Georgian Airlines-მა და მისმა პარტნიორმა ავიაკომპანია Aircompany Armenia-მ „737-800 Boeing Converted Freighter (BCF)“-ის სამი ავიახომალდის შეკვეთა განახორციელეს.
აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანია Georgia Airlines Group-ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა და Boeing Global Services-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფანი პოპმა დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ავიაგამოფენა Farnborough International Airshow-ზე განაცხადეს. როგორც ავიაკომპანია Georgian Airlines Group-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესყიდვის მიზანია კავკასიის რეგიონში საჰაერო გადაზიდვებისთვის შესაბამისი სპეციალიზებული სატვირთო თვითმფრინავების დამატება. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ რეგიონში ტვირთების საჰაერო გადაზიდვებისთვის ვამატებთ სამ 737-800 Boeing Converted Freighterს. 737-800BCF-ს აქვს მეტი დატვირთვის და დიაპაზონის შესაძლებლობა და შეუძლია გადაიტანოს, როგორც ელექტრონული კომერციის ტვირთები, ასევე, ზოგადი ტვირთი “, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
Boeing Global Services-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის სტეფანი პოპის თქმით, კავკასიის რეგიონში, საჰაერო ტვირთებზე მზარდი მოთხოვნაა და კომპანია სატვირთო ოპერაციების გაფართოებას მხარს უჭერს. „მოხარულნი ვართ, რომ ავიაკომპანიებმა Georgian Airlines-მა და Armenia-მ შეარჩიეს 737-800BCF, რათა დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა საჰაერო ტვირთზე იმ ბაზრებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან და გვაქვს პატივი, გავაგრძელოთ მათი სატვირთო ოპერაციების გაფართოების მხარდაჭერა“, – განაცხადა სტეფანი პოპმა.
შემდგომი Boeing 737-800BCF ავიაკომპანიას მომავალ წელს შეემატება, ავიაპარკი სრულად 2024 წლამდე შეივსება. ახალი სატვირთო ხომალდებით სატვირთო გადაზიდვებს Georgian Airlines განახორციელებს, რომელიც ერთი Boeing 737-800BCF თვითმფრინავით უკვე ოპერირებს, ხოლო მეორე B737SF-ია. „Boeing 737-800BCF“ სატვირთო ხომალდს მეტი დატვირთვის შესაძლებლობა აქვს – 23,9 ტონამდე და ფრენებს უფრო შორ მანძილზე ახორციელებს – 3,750 კმ. “Georgian Airlines Group” 2025 წლისთვის გეგმავს ფლოტის რაოდენობის გაზრდას 10 საჰაერო ხომალდამდე.