გურამ მაჭარაშვილი – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს
მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მისი თქმით, საინტერესოა ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია.
“ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. ასევე, ევროპარლამენტარის გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს, საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.