საგარეჯოში ტარიელ ხარხელაურსა და თემურ ჩალაბაშვილთან შეხვედრა გაიმართა
12 ივლისს, საგარეჯოს კულტურის სახლში შეკრებილი საზოგადოება ქართველი პოეტების – ტარიელ ხარხელაურისა და თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობის თანაზიარი გახდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას, რომელიც საგარეჯოს ა(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრა გახსნა ღონისძიების წამყვანმა, ქალთა საბჭოს წევრმა, პოეტმა, პედაგოგმა – ლეილა არჩემაშვილმა.
შეკრებილი საზოგადოება ორი საათის განმავლობაში ისმენდა პოეტების ნაამბობს, მათ ხედვას, დამოკიდებულებას პოეზიისა და ცხოვრებისადმი. შეხვედრის მიზანიც ხომ ეს იყო – საზოგადოებას უფრო ახლოს გაეცნო საყვარელი პოეტები, დაესვა კითხვები და უფრო მეტი გაეგო ამ ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ გულიკაშვილი და საგარეჯოს ა(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი – ბესიკ ღვინაშვილი.
მათ მადლობა გადაუხადეს პოეტებს მათი შემოქმედებისთვის, ღვაწლისთვის, ეროვნული სულისკვეთებისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სიტყვით გამოვიდნენ: ლია შენგელიძე, ლია თუშური და თამარ შაიშმელაშვილი.
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ: მუსიკოსები – მიშა წითელაშვილი და ირაკლი დოლიძე, ანსამბლი „ალილო“ და კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ჩინარი“.
პოეტების შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს სოფ: ნინოწმინდის, ბადიაურისა და საგარეჯოს № 1, №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და საგარეჯოს თეატრის მსახიობმა ნანული ბილანიშვილმა.