საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ონში, მწვერვალ კატიწვერასთან მყოფი უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილას ჩამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ონის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ კატიწვერას მიმდებარედ, იმყოფებოდა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება მიღებისთანავე მოახდინა და მოქალაქის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. დაშავებულის ადგილსამყოფელამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, გადაწყდა ოპერაციის ვერტმფრენის საშუალებით ჩატარება. კატიწვერას მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ექიმები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ.
ამ დროისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად უკვე ჩაყვანილია ქუთაისში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებულს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.