აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის ხელისუფლება სათანადოდ იცავს და აღრიცხავს ამერიკული წარმოების თავდაცვით აღჭურვილობას
აშშ ძალიან სერიოზულად ეკიდება პასუხისმგებლობას ამერიკული წარმოების თავდაცვითი ტექნოლოგიების დაცვისა და მათი გაჟონვის ან უკანონო გავრცელების პრევენციის კუთხით. ასე რომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ დახმარების ანგარიშვალდებულება, თუნდაც იმ რთული კონფლიქტის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, – ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა განაცხადა.
„აშშ ყოველთვის ითვალისწინებს შეიარაღების უკანონო გავრცელებისა, ისევე როგორც ბრძოლის ველზე დანაკარგების რისკს, როდესაც შეიარაღების გადაცემაზე მსჯელობს, მათ შორის ისეთ რთულ პირობებშიც, როგორიც ახლა უკრაინაშია. ასე რომ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის ხელისუფლება სათანადოდ იცავს და აღრიცხავს ამერიკული წარმოების თავდაცვით აღჭურვილობას. ოპერატიულ დეტალებში შესვლის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება გაწეული დახმარებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რისკის შემცირების ყველაზე ეფექტური გზა იქნება რუსეთის მიერ ამ ომის დასრულება და თავისი ძალების უკრაინიდან გაყვანა“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ Financial Times-ის ინფორმაციით, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები იმ იარაღის უკეთ მონიტორინგს ითხოვენ, რომელიც მათ უკრაინას მიაწოდეს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ მათ მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი შესაძლოა, კრიმინალურმა ჯგუფებმა ევროპის შავ ბაზარზე გაიტანონ.