ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები იმ იარაღის უკეთ მონიტორინგს ითხოვენ, რომელიც მათ უკრაინას მიაწოდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ მათ მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი შესაძლოა, კრიმინალურმა ჯგუფებმა ევროპის შავ ბაზარზე გაიტანონ.
როგორც გამოცემასთან საუბარში ორი დასავლელი ოფიციალური პირი აღნიშნავს, ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა კიევთან ერთად განიხილავს კონტროლის სისტემის შექმნას ან გამოყოფილი შეიარაღების დეტალური ჩამონათვალის შედგენას.
„მთელი ეს იარაღი პოლონეთის სამხრეთში, საზღვართან იგზავნება, შემდეგ კი სატრანსპორტო საშუალებებში ნაწილდება. ესენია სატვირთოები, ავტოფურგონები, ხანდახან კერძო ავტომობილებიც კი. ამის შემდეგ შეიარაღების კვალი ქრება და არავინ იცის, სად მიემართება ის, სად იყენებენ მას უკრაინელები ან რჩება თუ არა საერთოდ ეს შეიარაღება ქვეყანაში“, – აცხადებს FT-სთან საუბარში ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი.