მედდას, რომელმაც აშშ-ში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა გაიკეთა, თავისუფლების მედლით დააჯილდოებენ
ნიუ-იორკში, კვინსის რაიონში მდებარე სამედიცინო ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილების მედდას, სანდრა ლინდსის “თავისუფლების” მედლით დააჯილდოებენ. ლინდსი არის პირველი ადამიანი ნიუ-იორკსა და მთლიანად ქვეყანაში, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში ფოტო- და ვიდეოკამერების თანხლებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
სანდრა ლინდსს მედალს ქვეყნის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გადასცემს. “თავისუფლების” საპრეზიდენტო მედალი სამოქალაქო ჯილდოებიდან ერთ-ერთია, რომელიც 1945 წლიდან ენიჭება მათ, ვინც “მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებასა და დაცვაში, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებასა და საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში”.
როგორც მედია წერს, მედდის დამსახურება სწორედ ისაა, რომ იმ მომენტში, როდესაც საზოგადოების ნაწილს ეჭვი ეპარებოდა ვაქცინაციის სანდოობაში, ის საკუთარი მაგალითით დაეხმარა ხალხს ამ ნაბიჯის გადადგმაში.
სანდრა ლინდსი ჯილდოს თეთრ სახლში დღეს, 7 ივლისს მიიღებს. დღეს ასევე “თავისუფლების” ჯილდო გადაეცემა კიდევ 17 ამერიკელს, რომელთა შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი – სიმონე ბაილსი; ფეხბურთელი – მეგან რაპინო და მსახიობი – დენზელ ვაშინგტონი.
ჯილდოს სიკვდილის შემდეგ მიიღებენ სენატორი ჯონ მაკკეინი და Apple-ის დამფუძნებელი, სტივ ჯობსი.