ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100% აღდგა. 2022 წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76 052 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის ივნისი 76,208 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით ივნისში, აეროპორტში რეისები 21%-ით გაიზარდა და 298 რეისს მოემსახურა (2019 წლის ივნისი – 247 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1-ელი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.