პატრუშევი: აშშ-მა და მათმა სატელიტებმა რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგზე უარი თქვეს, რაც ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ზრდის
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ახალ სტრატეგიაში რუსეთის მტრად გამოცხადება ევროპაში დაძაბულობის ესკალაციას და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას იწვევს, ასევე, რუსეთ-ნატო-ს დამფუძნებელ აქტს ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ მან ხაბაროვსკში, შორეულ აღმოსავლეთში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე სხდომაზე გამოსვლისას თქვა.
”რუსეთი, რომელიც იცავს თავის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ მტრად გამოცხადდა, რაც ასახულია დოქტრინალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ნატო-ს სამიტზე მადრიდში მიღებულ დოკუმენტებში”, – თქვა პატრუშევმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მათმა სატელიტებმა რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში კონსტრუქციულ დიალოგზე უარი თქვეს და უსაფრთხოების გარანტიების მოსკოვის მოთხოვნები სრულიად უგულებელყვეს.
“ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს უახლოვდება, სამხედრო ძალები და საშუალებები აქტიურად გროვდება აღმოსავლეთ ფლანგზე. მიღებულია გადაწყვეტილებები ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ. შეიქმნა ახალი სამხედრო ბლოკი AUKUS-ი”, – განაცხადა პატრუშევმა და დასძინა, რომ „ეს გადაწყვეტილებები და ქმედებები არა მხოლოდ იწვევს დაძაბულობის ესკალაციას და ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას, არამედ აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთ-ნატოს ფუნდამენტურ აქტს, რომელიც, სხვათა შორის, დე-იურე ძალაშია”, – თქვა მან.