ირაკლი ქადაგიშვილი: 3 ივლისს აქციამ პარტიული აქციის ხასიათი მიიღო – იყო გაურკვევლობა და გაუგებრობა როგორც მიზნებთან, ასევე, სამოქალაქო გეგმასთან დაკავშირებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თბილისში გუშინ გამართული აქცია შეაფასა.
მისი თქმით, 3 ივლისს აქციამ პარტიული აქციის ხასიათი მიიღო.
“მათი რეალური მიზანია ბოლშევიკური მეთოდით – ზამთრის სასახლის აღების მეთოდით ხელისუფლების ხელში ჩაგდება. გამომდინარე აქედან, ამ პროცესს კავშირი არ აქვს ქვეყნის კონსტიტუციასა და იმ დღის წესრიგთან, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გააჩნია. თუ ეს ადამიანები ამ რიტორიკას გააგრძელებენ და საკუთარ რიტორიკას ქმედებაში მოიყვანენ, ყოველგვარ მხარდაჭერას საბოლოოდ დაკარგავენ და მარგინალიზაციის იმ დონეს მიაღწევენ, რაც მათ სისხლის სამართლის კანონით დასჯად ქმედებებამდე მიიყვანს. როდესაც 20 ივნისის აქცია იყო ლოზუნგით, რომ ევროკავშირს საქართველოში ხალხის ევროპული მისწრაფება დაენახა, აქცია მართლაც მრავალრიცხოვანი იყო. როგორც კი კამუფლაჟი ნელ-ნელა აიხსნა და აქცია მის ძირითად შინაარსს – ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლას მიუახლოვდა, აქციამ ნელ-ნელა კლება დაიწყო. 3 ივლისს აქციამ პარტიული აქციის ხასიათი მიიღო. აქციის შიგნითაც იყო გაურკვევლობა და გაუგებრობა როგორც მიზნებთან, ასევე, სამოქალაქო გეგმასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გუშინ აქცია – “შინ ევროპისკენ” გაიმართა.