ბოლნისის მერი: მუნიციპალიტეტისთვის ღვინის ინდუსტრიის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია – ამ კუთხით, ცენტრალურ მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ

ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიური ღონისძიება  – „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“  მოეწყო

მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “არემჯის“ მხარდაჭერით, ბოლნისის მუზეუმში ბოლნისური ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო  სტანდარტით   შეფასებული 15 ბოლნისური მარნის 38 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში, გერმანულ წისქვილში გამართულ გალა-ვახშამზე გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტმა – ქეთი კვიჭიძემ, შეფ-მზარეულებმა – მიშა ავსაჯანიშვილმა და დადუნა ღლონტმა მიწვეული სტუმრებისთვის ქვემო ქართლის ტრადიციული ავთენტური სამზარეულოს ინსპირაციით შექმნილი კერძები და სპეციალურად მათთან შეხამებული ბოლნისური ღვინოებით უმასპინძლეს. ასევე, ადგილზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კოქტეილის „ბოვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

„ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ ფარგლებში, ღონისძიებას ღონისძიებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ,,არემჯის’’ კორპორაციული დირექტორი კახაბერ მჭედლიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სახელმწიფოს სხვადასხვა  უწყების წარმომადგენლები, ტექნოლოგები, სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“  2018 წელს ჩამოყალიბდა  და  40-ზე მეტ მცირე ტიპის საოჯახო  მარანს აერთიანებს.  გაერთიანებამ, კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს  შორის  გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა.  

“ბოლნისში წელსაც გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით – „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“, რომლის ფარგლებშიც    საშუალება გვქონდა  საზოგადოებისთვის  ბოლნისური ღვინოების ფართო ასორტიმენტი წარგვედგინა. ჩვენ ყველა ვამაყობთ იმ ისტორიული ფაქტით, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ღვინის წარმოების უძველესი კერაა და აქ ჩამოსხმული ღვინო თავისი გემოვნური თვისებებით, არომატითა და ფერით უდავოდ გამორჩეულია. სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენი მეღვინეები არიან მაქსიმალურად მოტივირებულები გაიღრმაონ ცოდნა, რათა  უფრო მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და ბაზარზე კონკურენტუნარიანი ღვინო აწარმოონ.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ბოლნისში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. ამ კუთხით ჩვენ  ცენტრალურ მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად, ევროკავშირის დახმარებით, მუნიციპალიტეტში აგროცენტრიც გავხსენით, რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს, მეღვინეებს, სხვადასხვა სერვისს, მათ შორის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სერვისს სთავაზობს. წელს ბოლნისმა ევროკავშირის გრანტი კიდევ ერთხელ მოიპოვა და ამჯერად ღვინის ლაბორატორიის მშენებლობა იგეგმება, რაც, დამეთანხმებით, მეღვინეებს მისცემს საშუალებას ღვინის ხარისხი ლაბორატორიულად ადგილზე შეამოწმონ. 

ბოლნისი გარდა ხარისხიანი ღვინისა, ავთენტური კულინარიითაც გამოირჩევა, რომლის პოპულარიზაციასაც ვაპირებთ. სწორედ ამიტომ, ღონისძიების ფარგლებში, ცნობილმა პროფესიონალმა შეფ-მზარეულებმა  ბოლნისური კერძები შემოგვთავაზეს, რითაც ვფიქრობ, გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას შევუწყობთ ხელს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები