ირაკლი კობახიძე: 12-ვე პუნქტს სათანადოდ შევასრულებთ – თუ იქნება ობიექტური შეფასება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ექსპერტული, აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსიიმიტომ, რომ ჩვენ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ. თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ვნახოთ, როგორი იქნება ის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის მხრიდან შეფასება ობიექტური იქნება.
“ჩვენ კეთილსინდისიერად, სათანადოდ შევასრულებთ 12-ვე პუნქტს, თუ იქიდან იქნება ობიექტური შეფასება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეფასება იქნება ობიექტური. ჩვენ წინა შემთხვევაშიც ვთქვით, ექსპერტული გადაწყვეტილების პირობებში საქართველოს პირველ რიგში მიენიჭებოდა კანდიდატს სტატუსი და შემდეგ უკრაინას და მოლდოვას, თუმცა, გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება. ობიექტურში ვგულისხმობთ ექსპერტულ დასკვნას. თუ იქნება ასეთი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ჩვენ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ვნახოთ როგორი იქნება ის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.