ალეკო ელისაშვილი: სახლობანაა მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა – 3 ივლისის აქციაზე არ მივალ
3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ენერგიის არასწორი მიმართულებით ხარჯვაა მაშინ, როდესაც 6 თვეში 12 რეკომენდაცია გვაქვს შესასრულებელი.
„3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. იქ ვიყავი იდეის გამო, იქ არავის გამო არ მივსულვარ. ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში ვერავის დავეხმარები. სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის კანდიდატის სტატუსი. ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი. რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი.
საბოლოოდ, იმ 12 პუნქტის შესასრულებლად ისევ პარლამენტში უნდა მოვიდნენ და ეს ყველაფერი რას ემსახურება? – ენერგიის გაფანტვას და „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, როგორც დაეხმარნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში, რომლებიც ამ დოკუმენტს ერთი წელი არ აწერდნენ ხელს. ეს ან შეთანხმებული თამაშია, რასაც ბოლომდე ვერ ვხვდები, ან „ქართული ოცნების“ უნებური დახმარება. ახლა სასწორზე დევს საქართველოს პერსპექტივა – ან მართლა ევროპული პერსპექტივის ქვეყანა ვიქნებით, ან გავხდებით ტანბოვის გუბერნიის ნაწილი, რაც კატასტროფაა. ვისაც საქმე აქეთკენ მიჰყავს და ევროპული გზის აცდენაა გაუგებარი მთავრობების მოთხოვნა, ამაში ვერავის დავეხმარები. ამიტომ აქციაზე არ მივალ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.