ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკს М2 კატეგორიის 10 მიკროავტობუსი შეემატა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მიკროავტობუსები შეძენილი იქნა საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელთა ჯამური ღირებულებაა 1 449 380 ლარი.

ახალი ავტობუსები რამდენიმე დღეში დაიწყებს მუშაობას ქუთაისის რთული რელიეფის მქონე უბნებში ( გორა, სადგურ რიონის დასახლება, საფიჩხია, გუმათი, ზ. გამსახურდიას ქუჩა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება), განსაზღვრული სვლა- გეზებით.

„ქუთაისის სატრანსპორტო სფეროში ბევრი სიახლე გვაქვს. ქალაქში ათწლეულების მანძილზე პირველად ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. შევქმენით ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ 10 ახალი მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქის ძნელადმისადგომ ქუჩებში იმოძრავებს, სადაც აქამდე ვერ შედიოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. M2 ტიპის ავტობუსების შეძენა სრიგპ -ის პროგრამის ფარგლებში შევძელით, ევროკავშირის დაფინანსებით.

ქალაქის სატრანსპორტო სფეროს კიდევ უფრო მოსაწესრიგებლად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, ჯამში 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოსახლეობას იმგზავრონ სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

,,კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა იმერეთში და კერძოდ ქუთაისში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის ფარგლებში. ევროკავშირის დაფინანსებით ქუთაისმა მიიღო 10 ახალი მიკროავტობუსი, რომელიც მოემსახურება ქალაქს და გასულ წელს შემოყვანილ 60 ავტობუსთან ერთად მთლიანად მოხდება სატრანსპორტო მიმართულების ათვისება. ასევე, მინდა დავამატო, რომ ამ პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მთლიანად წელს ხორციელდება 69 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც რა თქმა უნდა წლის ბოლოსთვის დასრულდება და ბევრ ასეთ საინტერესო პროექტს მიიღებს ჩვენი რეგიონი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში უკვე არის 60 „ევრო 5“-ის ტიპის ავტობუსი, რომელთა შეძენა მუნიციპალიტეტისთვის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მუნიციპალური ტრანსპორტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ყველა ავტობუსში დამონტაჟებულია გადახდის აპარატი.

მიმდინარეობს მგზავრობის ღირებულების გადახდის მონიტორინგი.

მუნიციპალურ ტრანსპორტში უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით სარგებლობს 30 000 მოქალაქე.

დაწყებულია შუქნიშნების სისტემის განახლება, დამონტაჟდება „ჭკვიანი შუქნიშნები“, ხოლო გაჩერებებზე 109 ერთეული საინფორმაციო ტაბლო განთავსდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები