იორდანიაში, ქალაქ აკაბას პორტში ტოქსიკური აირის გაჟონვის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა
იორდანიაში, წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქ აკაბას პორტში, ტოქსიკური ქლორინის გაჟონვის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამწის გაუმართაობის შედეგად, კონტეინერი, რომელშიც ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება ინახებოდა, ტრანსპორტირებისას ჩამოვარდა.
კადრებში ნაჩვენებია, რომ ჰაერში აწეული კონტეინერი მოულოდნელად გემზე ვარდება და ფეთქდება, რის შედეგადაც ჰაერში მომწამვლელი აირის ყვითელი ღრუბელი იფანტება.
მედიის ცნობით, დაშავებულებიდან 199 ადგილობრივ საავადმყოფოებში ქიმიური ზემოქმედების გამო მკურნალობს. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.