“მადრიდის სამიტზე რუსეთი ალიანსის მთავარ საფრთხედ დასახელდება” – სტოლტენბერგი

ნატო-ს ლიდერები მადრიდის სამიტზე ახალ სტრატეგიას დაამტკიცებენ, რომელიც რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხედ განსაზღვრავს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი ახალი კონცეფცია სტრატეგიული კონკურენციის ახალ ეპოქაში შეგვიყვანს. ველოდებით, რომ მოკავშირეები მკაფიოდ განსაზღვრავენ რუსეთს, როგორც ყველაზე დიდ და პირდაპირ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. პირველად, სტრატეგია ასევე შეეხება ჩინეთს და იმ საფრთხეებს, რომლებსაც პეკინი უქმნის უსაფრთხოებას, ინტერესებს და ღირებულებებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი გაურბის პარტნიორობასა და დიალოგს, რომლის დამყარებას ნატო მრავალი წელია, ცდილობს.

“ახლა ეს არ არის აქტუალური, ის აღარ მუშაობს რუსეთის ქმედების გამო. ჩვენ ამის გამო ვწუხვართ, მაგრამ ასევე უნდა ვუპასუხოთ ამ რეალობას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ინციდენტების თავიდან ასაცილებლად კომუნიკაციის გარკვეული ხაზები არსებობს.

მან გაიხსენა, რომ ამჟამად მოქმედი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებას 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევიც ესწრებოდა.

“მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია. მსგავსი რამ მადრიდში არ მოხდება”, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები