ირაკლი ქადაგიშვილი: ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა თანხვედრაში არ არის იმ პოლიტიკურ დღის წესრიგთან, რაც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო

“ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა თანხვედრაში არ არის იმ პოლიტიკურ დღის წესრიგთან, რაც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის ცვლილება და არასტაბილურობა იმ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რაც ევროკავშირმა მიიღო.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი გზავნილი, პერსპექტივა და გეგმა, რაც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მთავრობასა და პარლამენტს პასუხისმგებლობა აქვთ, ეს რეკომენდაციები ხარისხიანად იყოს შესრულებული. მთავრობის ცვლილება, არასტაბილურობა და ქართულ პოლიტიკაში სხვა მომენტების შემოტანა იმ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რაც ევროკავშირმა მიიღო. ასეთ საკითხებზე მიტინგით მანიპულირება დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცესის თანმხვედრი არ არის. საქართველოში მიტინგის ჩატარებას არავის უშლიან, ისევე, როგორც აზრის გამოხატვას, მაგრამ არსებობს მიტინგზე უფრო მძლავრი და დიდი იარაღი, რაც ქართველ ხალხს აქვს და ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული – ეს არის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს არასოდეს არ აღიარებს, ქართველ ხალხს არჩევნები ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ აქვს ჩატარებული და ორივეჯერ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ამ კონსტიტუციურ პროცესს და იმ პერსპექტივას მივყვებით, რაც ქვეყანას ევროკავშირმა გაუხსნა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები