ალეკო ელისაშვილი: ნათელი დღის წესრიგი მოგვცეს და როცა ამ დროს იწყებ, რომ მთავრობა გადავაყენოთ და რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ, არასწორად გაგებაა იმისა, რაც გვითხრეს

გვითხრეს, რომ ექვსი თვის განმავლობაში თუ შევძლებთ, პირობები შევასრულოთ, მაშინ ავტომატურად მოხდება განხილვა და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამაზე უფრო ნათელი დღის წესრიგი რა უნდა იყოს? როცა ამ დროს იწყებ, რომ მთავრობა გადავაყენოთ და რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ, ჩემი აზრით, ეს არასწორად გაგებაა იმის, რაც გვითხრეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას მეტად ადარდებს თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა, საიდანაც მოვლენებს ხედავს და არა საქართველოს მომავალი.

“გვითხრეს – თორმეტი პუნქტი და ექვსი თვე. ამის ნაცვლად ახალ დღის წესრიგს რომ ქმნი, რომელიც ან გამოგივა ან არა, არ ვიცი, რას ემსახურება. ასეთი გაუგებარი რაღაცების მოსმენით ძალიან დავიღალე. ჩანს, რომ ოპოზიციას უფრო მეტად ადარდებს თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა, საიდანაც მოვლენებს ხედავენ და არა საქართველოს მომავალი და პერსპექტივა.

წინასწარ იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება მაინც არაფერს შეასრულებს და აზრი არ აქვს მათთან მუშაობას და ბრძოლას ამ საკითხების გასატანად, ეს გაუგებარია. არ მგონია, საქმე ასე უიმედოდ იყოს, რადგან ჩვენ და „ქართული ოცნება“ ხომ არ ვართ, ჩვენ მმართველი გუნდი და უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერა ვართ. ვადამდელი არჩევნების იმედი გაქვს და 12 პუნქტს რომ შეასრულებინებ, იმის იმედი როგორ არ გაქვს, ან ბრძოლა გეზარება, ან ზუსტად ვერ გაიგე, რა გააკეთო, ან ჭუჭრუტანა უფრო მოგწონს, საიდანაც საკუთარი ინტერესების გატარებას ხედავ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები