ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე

მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მათ მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის, ერთგულებისთვის, რომელსაც თავიანთი სამსახურის მიმართ იჩენენ. „გილოცავთ დღევანდელ დღეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღეს, სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ ანზორს, მთელ პირად შემადგენლობას. მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, თქვენ, თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ თქვენი და ჩვენი სამსახურის მიმართ.

თითქმის სამი ათწლეულია, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ემსახურებით. ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მისიის შესრულება ხშირად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული და პროფესიონალიზმთან ერთად, ქვეყნისა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვს. ამ ბოლო 28 წლის განმავლობაში თქვენ არაერთი სირთულის, მათ შორის, რამდენიმე ტერორისტული აქტის გადატანაც მოგიწიათ. თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპული თქვენი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას. დიდება გმირებს. სამსახურის ხელმძღვანელობის, თითოეული თქვენგანის მონდომებითა და მთავრობის, ჩვენი გუნდის თანადგომით, დღეისათვის, თამამად უნდა ითქვას, რომ სპეციალური დაცვის სამსახური უმაღლესი დონის, დასავლური სტანდარტების თანამედროვე სამსახურად ჩამოყალიბდა. ამისთვის, კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ამაზე მეტყველებს თქვენი არაერთი წარმატება საერთაშორისო ტურნირებზე, საიდანაც არასდროს ბრუნდებით საპრიზო ადგილების გარეშე, გაზრდილი საერთაშორისო ურთიერთობები, ინტენსიური ჩართულობა CEPOL-ის ეგიდით განხორციელებულ პროექტებსა და სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, ასევე, მისასალმებელია. ამ წარმატებისა და საერთაშორისო აღიარების დასტურია ის, რომ წელს, ოქტომბერში, პირად მცველთა საერთაშორისო ასოციაციის (APPS) მე-18 კონფერენცია 50-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში გაიმართება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენი სამსახურის ცნობადობის ამაღლებისთვის. ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახლით, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართული სახელმწიფოს ერთგული მსახურებისათვის. გპირდებით თანადგომას და მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – განაცხადა პრემიერმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ , რომელმაც სამსახურის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ახალი სპორტული მოედანი, კინოლოგიური ვოლიერები და სპორტული დარბაზი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს სასწავლო ცენტრში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მიაწოდა. ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 12 თანამშრომელი უმწიკვლო სამსახურისთვის მედლით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები