პარალიმპიური კომიტეტი: მედიაში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს, კომიტეტი აქციას უერთდება, რაც არის მტკნარი სიცრუე
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომიტეტი დღეს დაგეგმილ აქციას არ უერთდება.
“მედიაში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ, თითქოს, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება, რაც არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს პარალიმპიური ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობა.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ღირსეული წევრი, იცავს პარალიმპიური მოძრაობის ქარტიას და კონსტიტუციას!
ამ განცხადების უკან დგანან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალადობრივი გზით სცადეს კომიტეტის მიტაცება. კომიტეტის დამფუძნებელმა გუნდმა შესაძლო პარალიმპიური კომიტეტის დაბრუნება 2012 წელს და მას შემდეგ მოდავე მხარესთან სამი ინსტანციის სასამართლოს მოგება.
შეუძლებელია ჩვენი მოძრაობის პროგრესის არდანახვა, როცა 3 პარასპორტმენიდან დღეს 300 პარასპორტსმენი გვყავს. ვითარდება პარალიმპიური სპორტის 20 სახეობა და ჩვენი პარალიმპიელები უმაღლესი მიღწევებით ახარებენ გულშემატკივარს. ეს პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება!
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი პარასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აჰყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკ პროპაგანდას და დაუყოვნებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.