გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტის თაობაზე იმსჯელა.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერაა ინიცირებული, კომიტეტს განსახილველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარუდგინა.

მისი განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა აუცილებელია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისათვის, მაჭახელას ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენებისათვის. კანონპროექტი მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს. დღესვე, პირველი მოსმენით განიხილეს „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი, რომლის თანახმად, ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ ფერდობზე შეიქმნება დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი კატეგორია – აღკვეთილი.

კანონპროექტის თანახმად, გარდა იმისა, რომ ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ფართო ფოთლოვანი ფლორითა და წითელი ნუსხით დაცული ფაუნის წარმომადგენლებით, სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რამდენადაც აღკვეთილის სტატუსიდან გამომდინარე, მის გარშემო მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, დაშვებული იქნება ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსის მოხმარება. მომხსენებლის, „დაცული ტერიტორიების სააგენტოს” თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძის განცხადებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 14797 ჰექტარ ფართობს აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება. კანონპროექტი ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა.

„აღნიშნული თარიღი განისაზღვრა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის აღსრულებისთვის გათვალისწინებულია კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის შექმნა, რომლისთვისაც საჭირო იქნება 23 საშტატო ერთეული, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში გათვალისწინებული უნდა იქნას დამატებით აღჭურვილობის შეძენა და ინფრასტრუქტურის მოწყობა”- აღნიშნა მომხსენებელმა. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები