„მე ახლა მოგიყვებით რეალურ ამბავს, რომელიც ძალიან ჰგავს ზღაპარს“ – ვინ არის ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი, რომელიც საფრანგეთში „თეატრალურ ბრეინსტორმინგში“ სათამაშოდ მიიწვიეს

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში, ლა ბოლის თეატრში ქართველმა რეჟისორმა, ალექსი ჯაყელმა სპექტაკლი დადგა, რომელშიც ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი დეა თავბერიძე თამაშობდა. იგი საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა  ალექსი ჯაყელმა სპეციალურად მიიწვია საქართველოდან.
წარმოდგენის შემდეგ დეამ  მადლიერების სტატუსი გამოაქვეყნა, „კვირა“ დაუკავშირდა მას და რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.
მე ახლა მოგიყვებით რეალურ ამბავს, რომელიც ძალიან ჰგავს ზღაპარს და რომელიც მინდა ძალიან ბევრმა ადამიანმა მოისმინოს თუნდაც იმიტომ, რომ დაიჯეროსოცნებები ნამდვილად ხდება.  ჩემს ახდენილ ოცნებას თეატრი და მსახიობობა ჰქვია, – გვითხრა დეა თავბერიძემ.

 

როგორ დაიწყო თქვენი მსახიობობა?
– ბავშვობაში, ეზოში ხშირად ვმართავდით წარმოდგენებს… და ტაშს როცა გვიკრავდნენ, ბედნიერებისგან დავფრინავდი… ეს არის შეგრძნება, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მძაფრად გამომყვა… ჩემი პირველი სცენა ბათუმში, იმ კორპუსის სადარბაზო გახლდათ, სადაც ვცხოვრობდი. პირველი მაყურებელი ჩვენი მეზობლები იყვნენ. მერე მეზობლებმა სადარბაზოდან ბათუმის თეატრში გადაინაცვლეს და ტაშს უკვე იქ მიკრავდნენ.
ბათუმის თეატრის სცენაზე სულ ორჯერ ვითამაშე. იქ თბილისიდან ჩამოსული რეჟისორის, ხაჟო ჩახუნაშვილის დამსახურებით მოვხვდი. სხვადასხვა სკოლიდან ბავშვები შეგვკრიბა და ერთი ლამაზი სპექტაკლი დადგა, მეც სკოლაში აღმომაჩინა და მთავარ როლზე დამამტკიცა. მერე ბათუმიდან თბილისში ჩამოვედით და რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ვითამაშეთ. მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი… რეჟისორი მეუბნებოდა – წინ დიდი მომავალი გელის და არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ჩემი აღმოჩენა ხარო. მაგრამ?…  ჩემი სამსახიობო კარიერა მხოლოდ ამით შემოიფარგლა.
– რატომ არ გახდით მსახიობი?
– რუსთაველის თეატრში გავიცანი ბიჭი, რომელიც შემიყვარდა, შევუყვარდი და ძალიან მალე მისი ცოლი გავხდი. 17 წლის უკვე დედა ვიყავი. მერე ჟურნალისტობამ გამიტაცა. თუმცა, ჟურნალისტიკაზე სწავლისას, მეორე კურსის სტუდენტმა გადავწყვიტე. თეატრალურზეც მეცადა ბედი. მისაღებ გამოცდაზე, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ხაზგასმით აღნიშნა -„პირის აპარატი“ არ გივარგა და ამის გამო, თქვენი თეატრალურზე სწავლა ისეთივეა, უთითებომ პიანისტობა მოინდომოსო!
ამ სიტყვებმა მაშინ ჩემში მსახიობი მოკლა, რაც მერე, მთელი ცხოვრება, ტკივილად ვატარე. გული მწყდება, რომ იმ ქალბატონის სიტყვებს „დავემორჩილე“  და არ „ვიბრძოლე“, ეს არ უნდა დამეშვა.
რაღაც პერიოდი ამის გამო საკუთარ თავზე ძალიან ვბრაზობდი… მერე ეს ბრაზიც გავუშვი და…  გადავწყვიტე, სიამოვნება იმ საქმეში მეპოვა, რომელსაც ვაკეთებდი. მსახიობობა კი მიუწვდომელ ოცნებად დარჩა.
– ალექსი ჯაყელთან როგორ მოხვდით? როგორც ვიცი, „თეატრალურ  ბრეინსტორმინგში“  ითამაშეთ…
– ყველაფერი ამ ზამთარს  ბაკურიანის სამდღიანი ტრენინგ-ტურით დაიწყო. მე მაქვს ჩემი სამოტივაციო ინტერნეტჟურნალი და ვთანამშრომლობ ფსიქოლოგებთან, ქოუჩებთან, სამოტივაციო ტრენერებთან. თამარ კვარაცხელიაც, რომლის ერთწლიანი პროგრამის ფინალური შეხვედრა გაიმართა ბაკურიანში, ერთ-ერთი მათგანია. გარდა პარტნიორობისა, გახლდით ამ ტრენინგის მონაწილეც … და აი, მესამე დღეს მონაწილეებს ჩვენი მიზნის მანიფესტირება დაგვევალა. როცა ჩემი გამოსვლის ჯერი დადგა, ბოლო წამს მიზანი შევცვალე და გავაჟღერე ის, რაც გულით მინდოდა და რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი…
ვყვებოდი, თუ როგორ ავიხდინე ოცნება, როგორ გავხდი მსახიობი და ამან როგორ გამაბედნიერა. ვსაუბრობდი გრძნობით, ემოციით, ნახევრადდახუჭული თვალებით და მთლიანად განვიცდიდი იმ მდგომარეობას, რომელშიც ვიყავი… მონაწილეები შოკში იყვნენ, რადგან მანამდე, სამი დღის განმავლობაში, მათთან ერთად ვიმუშავე მიზანზე, რომელიც ბიზნესის მიმართულებით უნდა განვითარებულიყო, არავინ ელოდა იმას, რაც იქ მოხდა.
–  როცა სურვილი გაახმიანეთ, გჯეროდათ, რომ ოცნება აგიხდებოდათ?
– ეს არ იყო მაშინ მნიშვნელოვანი, უბრალოდ მომინდა ჩემს თავთან მართალი ვყოფილიყავი და ის მეთქვა, რაც გულით მინდოდა და რასაც მთელი ცხოვრება დავატარებდი… თუმცა ბაკურიანში გაჟღერებული სურვილიდან რამდენიმე დღეში, ფბ-ზე მიმეგობრდება უცხოეთში მოღვაწე რეჟისორი ალექსი ჯაყელი და საფრანგეთში სათამაშოდ მიწვევს.
– და ოცნებას ისრულებთ?
– დიახ, მივფრინავ საფრანგეთში, ქალაქ ლა ბოლში და ვთამაშობ ალექსი ჯაყელის „თეატრალურ  ბრეინსტორმინგში“.
როდესაც ალექსი ჯაყელმა მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა, პირველი, რაც მივწერე იყო – სპექტაკლში უნდა მათამაშოთ?!   მსახიობი ხართო? – მკითხა. არა! მსახიობობა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებაა-მეთქი, ვუპასუხე და ის ისტორია მოვუყევი, რომელიც  უკვე თქვენც იცით.
ამის შემდეგ ვისაუბრეთ იმ სპექტაკლზე, რომელზეც მუშაობდა.
მეორე დღეს მირეკავს და მეკითხება – გინდათ, ოცნება აგისრულოთ?! ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ.
გამომიგზავნა ტექსტი,  3 თვე მქონდა მოსამზადებლად. ონლაინ ვესწრებოდი რეპეტიციებს, გავიცანი დასის წევრები, საოცრად თბილი და უშუალო ადამიანები. მაისში ჩავფრინდი საფრანგეთში დალა ბოლში, Djakeli Art Compagnie – ის თეატრში ოთხი სპექტაკლი ვითამაშე… ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ზღაპრებშია…
ისევ იყო ტაში, ოვაციები და ვიყავი ბავშვივით ბედნიერი.
სპექტაკლების შემდეგ მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ – „ბრავო! საუკეთესო იყავით“.
რა, თქმა უნდა ალბათ, ძალიან ბევრი რამ არის ჩემში ამ კუთხით დასახვეწი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ალექსი ჯაყელის დამსახურებით მე ეს შევძელი და ავიხდინე ოცნება, რომელიც მეგონა, არასოდეს ასრულდებოდა.
ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რა დიდი ძალა აქვს იმას, რაც გულით გინდა. დამარწმუნა, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება და ეს შეიძლება მოხდეს სწორედ მაშინ, როცა საერთოდ არ ელოდები.
– რას იტყვით ალექსი ჯაყელზე?
– მისი განსხვავებული ხელწერისა და მუშაობის თავისუფალი სტილის გამო ასე აფასებენ, – რეჟისორი, რომელმაც დროს გაუსწრო.  დღემდე დადგა 270 სპექტაკლი. მისი სპექტაკლები გამოირჩევა ფერის, მუსიკის, მოძრაობის სინთეზით და სანახაობრივად ძალიან ლამაზი და ეფექტურია.
ალექსი ჯაყელზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ უზომოდაა შეყვარებული თავის ხალხსა და ქვეყანაზე. აკეთებს ბევრ სიკეთეს, რომელიც არ ჩანს… ბევრი ქართველი მსახიობი ჩაიყვანა საქართველოდან საფრანგეთში, ჩაუტარა მათ მასტერკლასები, ათამაშა საკუთარ თეატრსა თუ სხვადასხვა ფესტივალზე.
იქ ყოფნის პერიოდში ვნახე, თუ როგორ ეხმარებოდა უკრაინელებსაც და რა საოცრებებს აკეთებდა მათთვის. ერთხელ სპექტაკლზე მოსულმა უკრაინელებმა თქვეს, თუ როგორ დახვდათ კარებთან სააღდგომოდ პასკა და წითელი კვერცხები, დაახლოებით 30 ოჯახს. მოგვიანებით გაიგეს, რომ ამ სიკეთის ავტორი ალექსი ჯაყელი იყო.  იცით? – ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ საუკუნეშიც არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც სიკეთის კეთება უცხო ადამიანებისთვის ასე უანგაროდ შეეძლოთ.
მე მას დავარქვი ადამიანი დღესასწაული. მისი დამსახურებით, ჩემი ყოველი დღე საფრანგეთში დღესასწაული იყო… ბავშვობაში დამაბრუნა… ასევე, ბევრი რამ ვისწავლე, ალექსისთან ურთიერთობა – ეს ერთი დიდი გაკვეთილია.
– რა შეიცვალა ამ სპექტაკლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?
– ოცნების ახდენასთან ერთად გავიცანი ადამიანი, რომელიც ძალიან მოკლე დროში ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანად იქცა. შევიძინე დიდი მეგობარი. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ამ სპექტაკლის შედეგად მოხდა ჩემს ცხოვრებაში.
ასევე, ეს არ იყო მხოლოდ ერთი ოცნების ასრულება. ამ დიდ ოცნებას პატარ-პატარა სურვილები თავისთავად მიჰყვა – სპეციალურად სპექტაკლისთვის სამ თვეში დავიკელი 11 კგ. დავიწყე ფრანგულის შესწავლა, სიმღერის გაკვეთილებზე სიარული. მერე კი ბედნიერებისგან ავმღერდი კიდეც…
ძალიან მინდოდა ვენაში მოხვედრა და საფრანგეთამდე  გზად ეს სურვილიც შევისრულე. ვენაშიც რამდენიმე დღით დავრჩი.
მთლიანობაში მივხვდი და დავრწმუნდი იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია. რომ ადამიანს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რომ სხვა დიდი ოცნებებიც მაქვს და აუცილებლად ავისრულებ!

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები