საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მიმართა და მათ მიერ დაანონსებული მარშის გადადებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ახლა პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის დრო არ არის.
„მივმართავ 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, 20 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისში მარში „შინ ევროპისკენ!“ არის დაგეგმილი.