როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში რამდენიმე ისეთი საკითხი იყო, რომელსაც მედიის თავისუფლებასთან და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს დროული დებატები იყო, არ მგონია, რომ დღეს გვჭირდებოდა ეს რეზოლუცია, განსაკუთრებით, როდესაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით კანდიდატობაზე. საბოლოო ჯამში, რეზოლუცია შეიცვალა და რამდენიმე ისეთი საკითხი იყო, რომელსაც მედიის თავისუფლებასთან და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე თავიდანვე არ ვუჭერდი მხარს რეზოლუციას და არ დავუჭირე მხარი რეზოლუციას კენჭისყრის დროს. როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, ამ განცხადებას უნდა ჰქონდეს საფუძველი და როდესაც ჩვენ მოვამზადეთ დებატები მედიის თავისუფლებაზე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მოუმზადებელი საკითხის დამატება რეზოლუციაში“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.