თამარ ჩარკვიანი უნგრეთის ელჩს შეხვდა
„საქართველო უნდა გახდეს დასავლური ოჯახის წევრი, ქვეყანა ამას იმსახურებს და ჩვენ ეს ძალიან გვინდა. საქართველო იქნება ევროკავშირისთვის კარგი პარტნიორი“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩარკვიანმა უნგრეთის ელჩთან, ანა მარია შიკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი წარმოადგენდა.
პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი ასევე, შეეხო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ რეფორმებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნგრეთის ელჩის მოადგილე გაბორ მიკეცი.