დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სარატიფიკაციო დოკუმენტები ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ორ დოკუმენტზე იმსჯელა.
საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის გაფორმებული ორი სასესხო შეთანხმება(საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)”, საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად სწავლის პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, რაც სკოლების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას გულისხმობს.
პროექტით გათვალისწინებული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სტრუქტურული და ენერგოეფექტური კომპონენტებისგან შედგება. ამისთვის საქართველოს მთავრობის მიერ თიანეთში, გორში, წალკაში, ასპინძაში, ახალციხეში, ამბროლაურსა და ბორჯომში 15 სკოლა შეირჩა. პროექტის ჯამური ღირებულება 6 500 ათასი ევროს შეადგენს, მათგან სესხი 3 900 ათასია, საინვესტიციო გრანტი 2 600 ათასი ევროა და თითოეულზე ცალკე შეთანხმება გაფორმდა. პროექტის განსახორციელებლად გრანტის თანხა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა. პროექტის დასრულების თარიღია 2025 წლის 4 მაისი. კომიტეტმა წარმოდგენილი შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.