თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, მოვუწოდებთ სტუდენტებს, პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის პროფესორებმა განცხადება გააკეთეს.
ისინი გმობენ ძალადობას და ამბობენ რომ მზად არიან სტუდენტებთან ნებისმიერ საკითხე ინდივიდუალურად იმუშაონ.
„ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს, სად, თუ არა უნივერსიტეტში, მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება – როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა – შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების ხარისხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი.
მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ.
მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს!
აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადაიდგა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად. ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.
იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება“, – აცხადებენ პროფესორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები