ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახსნიდან ერთი წლის თავზე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისის თვალით

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის ოფიციალური ტერმინალის გახსნიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 2300 რეისსა და 534,165 მგზავრს მოემსახურა. ტერმინალის გაფართოებასთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს თანამშრომლობის შედეგად, ფოტოგრაფმა გიორგი მამასახლისმა საიმიჯო ფოტოები გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტის ძველი ტერმინალის საიმიჯო ფოტოებიც გიორგი მამასახლისს ეკუთვნის. ,,ჩემთვის დიდი გამოცდილებაა და ამავე დროს გამოწვევაა მსგავსი მასშტაბური პროექტის საიმიჯო ფოტოების გადაღება. არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან წლებია ვთანამშრომლობ და მიხარია, რომ კვლავ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის საიმიჯო ფოტოების გადაღება კვლავ მე მომანდეს.

თანამედროვე, გამორჩეული და განსხვავებული დიზაინის მქონე არქიტექტურული ნამუშევრების გადაღება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი განახლებული აეროპორტის ტერასას, სადაც ტერმინალის რენდერში არსებული ქართული ხალხური ცეკვაც გავაცოცხლეთ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განსხვავებული დიზაინისაა და მისი ტერასა სხვადასხვა ღონისძიებების გადასაღებად შესანიშნავი ლოკაციაა,-‘’ამბობს მამასახლისი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების პროექტის ფარგლებში ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა. დავით აღმაშენებლის სახელობის ტერმინალი არსებულს 6-ჯერ აღემატება. გაფართოების შედეგად განახლებული ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ,,განახლებული ტერმინალის საიმიჯო ფოტო გადაღება ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ- დიზაინი ეკუთვნის, ერთად, ორჯერ დავგეგმეთ: შარშან, როდესაც ოფიციალურად გაიხსნა განახლებული ტერმინალი და ასევე, წელს მაისში, როდესაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა და აეროპორტი როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდებით კიდევ უფრო დაიტვირთა.

ჩვენი აეროპორტის ტერმინალი მართლაც გამორჩეული დიზაინის მქონეა. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ანალოგი არ ჰყავს,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

ჰოლანდიურ კომპანია UN Studio-ს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა იმუშავა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო. ჰოლანდიელი არქიტექტორების განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები