ბიუროს სხდომაზე 9-10 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს
პარლამენტის ბიურომ 9-10 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა და რამდენიმე განსახილველი საკითხი დაამატა.
პარლამენტის ინფორმაციით, პლენარული სხდომის დღის წესრიგშია საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაალ უდუმაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
განსახილველ საკითხებს დაემატა კანონპროექტები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტებს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ. ასევე, პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ”. ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც იმსჯელა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვის საფუძველზე, რამდენიმე საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.