გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტარების განცხადებებში ჩანს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
კონტექსტი ამ განცხადებების არის ის, რომ, მიუხედავად მათი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომ ადამიანებმა ქვეყანაში აირჩიონ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მათ სურთ და არ შეიძლება, რომელიმე ორგანიზაციამ მოუწოდოს სახელმწიფოში საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი უნდა აირჩიოს.
“კარგია, რომ ევროპარლამენტარების განცხადებებში ჩანს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ასევე, გასათვალისწინებელია მათი მხრიდან, რომ ეს ის ქართველი ხალხია, რომელმაც ცხრა არჩევნების განმავლობაში აირჩია ეს პოლიტიკური ჯგუფი და ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. ესეც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა ევროკავშირის, რომ ადამიანებმა ქვეყანაში აირჩიონ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მათ სურთ. არ შეიძლება რომელიმე ორგანიზაციამ მოუწოდოს სახელმწიფოში საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი უნდა აირჩიოს.
შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული კრიტიკა, რეკომენდაციები და შენიშვნები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემა არც გვქონია და არც გვექნება. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, თუ საჭირო იქნება, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ის, რომ ამ განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ქვეყანაში, თუ ისინი რეალურად მართლა ფიქრობენ და მათ რამე მტკიცებულება აქვთ, რომ საქართველოში არის პრორუსული მთავრობა, საქართველოში არის ოლიგარქია, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის, ქვეყანა იქცევა და ამის ფონზე მაინც მიანიჭონ სტატუსი, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.