მამუკა მდინარაძე: ძმები ბერძენიშვილები ვერც კი ხვდებიან, როგორ იყენებენ ყინულმჭრელად ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები
ბერძენიშვილებმა თავს მიხედონ იქიდან გამომდინარე, რომ ვერც კი ხვდებიან, ან ხვდებიან და უშვებენ ამ აზრს, როგორ იყენებენ, ყინულმჭრელად საქართველოში ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები და როგორ იბრძვიან მათი ხელით და პირით ქართული იდენტობის, საქართველოს ისტორიის, წმინდანი მეფეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავს დამოკიდებულებას, მსგავს ლანძღვას.
“დავით აღმაშენებელს შეურაცხყოფდა ეს ხალხი, კონკრეტულად ისინიც მათ შორის, როდესაც მის შთამომავლობას ლანძღავდნენ, შემდეგ ერეკლეს. წმინდანების, მეფეების შეურაცხყოფა, ამ ეროვნული იდენტობის სხვადასხვა მახასიათებლებთან, ნიშნებთან ბრძოლა, როდესაც გამოცხადებული აქვთ ადამიანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყინულმჭრელის ფუნქციას ასრულებინებენ და ტესტავენ საზოგადოებაში აზრს. საქართველო არასდროს შეეგუება მსგავს დამოკიდებულებას, მსგავს ლანძღვას. ნურავის აჯერებენ, თითქოს საკუთარი წარსულის შეურაცხყოფა დასავლური იდენტობის ნაწილია. რეალურად ღირსება, შენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციის პატივისცემა, კულტურა არის სწორედ დასავლეთი, ევროპა და ევროპულობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.