მიხეილ სარჯველაძე: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არავისზე ნაკლებად არ იმსახურებს
“ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფო ევროკავშირის სტატუსს უდავოდ იმსახურებს, თუმცა, თუ საქმე მიდგება, ვის მეტად და ვის ნაკლებად ეკუთვნოდეს, საქართველო არავისზე ნაკლებად არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.
„პირობებზე როცა ვსაუბრობთ, ზოგადად, კანდიდატობა პირობებს ყველა შემთხვევაში მოიცავს და ამაში არაფერი უცნაური არ არის. კანდიდატობა იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს კონკრეტული შეთანხმებული დღის წესრიგი ექნება, რომლის განხორციელებითაც შესაძლებელი იქნება წევრობა. ალბათ, ეს ის სფეროა, სადაც შეფასებებში ზუსტები უნდა ვიყოთ. სტანდარტული გეგმების მიხედვით, საქართველო მიმართვას 2024 წელს აპირებდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა პროცესები დააჩქარა. გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, რომ კანდიდატობასთან დაკავშირებით ვადაზე ადრე მოგვეთხოვა. ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფო ევროკავშირის სტატუსს უდავოდ იმსახურებს, თუმცა, თუ საქმე იმაზე მიდგება, ვის მეტად და ვის ნაკლებად ეკუთვნოდეს გატარებული რეფორმების მიხედვით, საქართველო არავისზე ნაკლებად არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.