მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დომაგოი ჰაიადუკოვიჩის სპეციალური მოწვევით, 8-9 ივნისს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებთან, ასევე, საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანსა და პოლიტიკურ საკითხთა სახელმწიფო მდივანთან, ხორვატიის პრემიერმინისტრის მთავარ მრჩეველსა და პრემიერმინისტრის მრჩეველთან საგარეო საქმეთა საკითხებში.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი და დომაგოი ჰაიადუკოვიჩი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ვიზიტის მიზანია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხორვატიის მხარდაჭერის მობილიზება და ამ პროცესში ხორვატიის გამოცდილების გაზიარება, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება.