იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატებმა მხარი 79 ხმით დაუჭირეს

პარლამენტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი ინიციატორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტით წესრიგდება იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლებთან, იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე მისი გადაადგილების წესთან და პირობებთან, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესთან, შიდა ტრანზიტის მომსახურების ვადასა და საფასურთან, სააგენტოს მიერ გასაწევ ცალკეულ მომსახურებათა მიღების ვადასთან, დაჩქარებულ მომსახურებებთან და საფასურის განაკვეთებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი იქნება განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების გარემოებები.

დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები