სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმა და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა – სერჯო მატარელამ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ განაცხადა, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ის მისი ნაწილი უნდა იყოს.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დღეს ახალი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, უკრაინამ შეძლო და აჩვენა რუსეთის ნამდვილი და სასტიკი სახე, ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის ჩვენთვისაც და რეგიონისთვისაც – საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია.
სერჯო მატარელამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იტალიას, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ გზაზე საქართველოს მხარდამჭერია.
30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, საუბარი შეეხო საქართველო იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს.