IDS ბორჯომი: სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაიწყო მედიაციის პროცესი, პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას

ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ დაიწყო მედიაციის პროცესი პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას, – ამის შესახებ IDS ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რითაც კომპანია პირველი ქარხნის ტერიტორიაზე დილით მომხდარ რამდენიმე ინციდენტს ეხმაურება.

როგორც, კომპანიაში განმარტავენ, მათთვის მიუღებელია პროტესტის აგრესიული ფორმა.

„ვითარება ადგილზე ამ მომენტისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა გაუგებარია პროტესტის მონაწილეების მხრიდან დილით განხორციელებული აგრესია.
კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას. როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით.
ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ დაიწყო მედიაციის პროცესი პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა. პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მივესალმებით მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“ – აცხადებენ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, ბორჯომის ჩამომსხმელი პირველი და მეორე ქარხნის თანამშრომლების ნაწილი მერვე დღეა გაფიცულია. ისინი უვადო კონტრაქტებს, გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას და ხელფასების მატებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები