ირაკლი ქადაგიშვილი: საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური ბრძოლის მატარებელი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური ბრძოლის მატარებელი არ არის.

“საგარეო პოლიტიკის გატარება არის მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივა, მათ შორის, ელჩები არიან ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რითაც საგარეო პოლიტიკის გატარებას ახორციელებს მთავრობა. რახან ელჩი წარმოადგენს ამავდროულად სახელმწიფოს, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი, მას ხელმოწერით ადასტურებს.

აქ არის სწორედ ეს კოლიზია წარმოქმნილი და ამ კოლიზიის სამართლებრივი განმარტება რომ მოხდეს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს სარჩელი, რომელიც არ არის პოლიტიკური ბრძოლის მატარებელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით, კერძოდ, ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გასამიჯნად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები