გივი მიქანაძე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, UNFPA-ს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, წითელი ჯვრის საზოგადოების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის მიმართულებებით კომიტეტის ხედვებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ახალგაზრდობის საკითხებთან მიმართებაში არაერთი გამოწვევა არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა, ერთობლივად, კომიტეტთან კოორდინაციით განხორციელდეს.
„შეხვედრებზე ყურადღება კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის გაძლიერებისა და გააქტიურების მნიშვნელობაზე გამახვილდა. გივი მიქანაძემ რეგიონებში, მუნიციპალიტეტების დონეზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრების გამართვის საჭიროებებზე ისაუბრა.
პარლამენტის წევრმა შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის ის ინიციატივა გააცნო, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებებზე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შეეხება. ინიციატივის ავტორის განცხადებით, კომიტეტი წლის ბოლომდე ვალდებულებების ინსტრუმენტალიზაციას, ასევე, მის შესწავლას მოახდენს. ავტორისვე შეფასებით, პროცესში დონორების ჩართულობა და დოკუმენტის და ვალდებულებების შესწავლის ნაწილში შესაბამისი ექსპერტების მოწვევა მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.
დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომიტეტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო ურთიერთობების ფორმატები განიხილეს“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.