ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ანგარიში მოისმინეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს ამავე სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანგარიში მოიცავს სააგენტოს საქმიანობას 2020-2021 წლებში. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, რომელიც აღნიშნული სტატუსით 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდა, საქმიანობის ძირითად მიზნებად განსაზღვრულია:

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;

ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა;

მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2020 წლის პირველი თებერვლიდან სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის, შეიცვალა სააგენტოს შიდა ორგანიზაციული მოწყობა, განვითარდა სოციალური მუშაობის სისტემა, განხორციელდა სოციალური მუშაობის სტანდარტიზება რამდენიმე მიმართულებით, საქართველოს ისტორიაში პირველად დაიწყო სოციალური მუშაობის სპეციალიზაცია – ფუნქციური დაყოფა, განვითარდა და დაიხვეწა სერვისები, შეიქმნა სამუშაო მოდულები, გაუმჯობესდა მულტისექტორული თანამშრომლობა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა კომიტეტის წევრებს თითოეული მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და მიღწევებზე, მუშაობის დროს გამოვლენილ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

განსახილველი საკითხების სიმრავლიდან და მათი აქტუალობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ კომიტეტი ანგარიშის განხილვას შემდეგ სხდომაზეც გააგრძელებს“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები