თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს გაეცნენ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
აღნიშნულ ცვლილებას „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის შესახებაც, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა ისაუბრა. მომხსენებელმა კომიტეტს კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით გააცნო. მისი ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტი დაზვერვის სამსახურის შემდგომ განვითარებას და არსებული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორებას ითვალისწინებს.
მისივე განცხადებით, ცვლილებების შედეგად, დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა იზრდება. შესაბამისად, ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღება.
ცვლილებები სამსახურში მიღების წესსაც შეეხება, რომლის მიხედვითაც პირის სამსახურში დანიშვნა გამოსაცდელი ვადით მოხდება.
გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, სამსახურის საკადრო სისტემის მდგრადობისა და კარიერული სისტემის განვითარებისთვის, კანონმდებლობით განისაზღვრება სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური დანაყოფების ხელმძღვანელების დანიშვნის და ასევე, დიპლომატიურ მისიებში სამსახურის წარმომადგენლის მივლინების პირობები. პირობების თანახმად, პირს აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების შემთხვევაში მიეცემა.
კომიტეტის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ იმ საკანონმდებლო პაკეტზეც ისაუბრა, რომელიც დაზვერვის შესახებ კანონპროექტიდან გამომდინარე მომზადდა. კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.