ქობულეთში ქართული ხალხური სიმღერების და ქართველ კომპოზიტორთა სიმღერების კონკურსი ჩატარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, წელს პირველად, გურამ თამაზაშვილის, ქართული ხალხური სიმღერების და ქართველ კომპოზიტორთა სიმღერების კონკურსი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება ორ ეტაპად გაიმართა. ქართულ ხალხურ ტურში პირველი ადგილი კულტურის ცენტრთან არსებულმა სალოტბარო განყოფილებამ აიღო, მეორე ადგილი სახელოვნებო სკოლამ, მესამე ადგილი ვლადიმერ ვერულიძის ტრიომ.
ქართველი კომპოზიტორთა სიმღერების ტურში, პირველი ადგილი ანასტასია ფელიშვილმა აიღო, მეორე ადგილი ლიკა ტაკიძემ, მესამე ადგილის მფლობელი კი ესელიძე ნათია გახდა.
,,მოხარული ვარ რომ ამ დიდი ადამიანის იუბილეზე შევიკრიბეთ და გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გურამის შემოქმედება.
ჩვენ განებივრებული ერი ვართ იმით, რომ ყველა კუთხე მდიდარია, დიდი, გენიალური, გამოჩენილი ადამიანებით. თუმცა ყოველთვის სასიამოვნო იქნება ის ფაქტი, რომ ჩვენს აჭარაში, ჩვენ ქობულეთში ამდენი ღირსეული პიროვნება ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და გვაქვს შესაძლებლობა განსხვავებულად, გამორჩეულად გვახსოვდეს, ვაფასებდეთ.
ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე იყო ბატონი გურამი. გილოცავთ და ვულოცავ მის ოჯახს, თითოეულ ქობულეთელს. გურამის წვლილი, შრომა დიდია მუსიკალურ სფეროში. ვისურვებდი, ბევრი მსგავსი პიროვნება გვყავდეს. ბევრმა ასეთმა ადამიანმა ასახელოს ჩვენი კუთხე”, – განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ.