გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნას მხარს უჭერს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვას ეხება. კანონპროექტები „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა და დეპუტატებს კანონპროექტების ზოგადი პრინციპების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. დავით გაბაიძის ინფორმაციით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა”.